აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოგონილი ქვეყანა ვაკანდა სავაჭრო პარტნიორების სიაში შეიყვანა. Marvel-ის სამყაროში ვაკანდა განვითარებული აფრიკული ქვეყანაა, რომელიც სუპერგმირ შავი პანტერას სამშობლოა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, გამოგონილი ქვეყნის სახელი სიაში სატესტო რეჟიმში შეიყვანეს. BBC-ის ინფორმაციით, სამინისტროს ვებგვერდის ტარიფების სიაში ის პროდუქციაა ჩამოთვლილი, რომლითაც ორი ქვეყანა ვაჭრობს, მათ შორის არიან იხვები, ვირები და საწველი ძროხები.

ვაკანდა სავაჭრო სიიდან მალევე ამოიღეს მას შემდეგ, რაც მედიამ კითხვების დასმა დაიწყო.

სამინისტროს საიტზე გამოგონილი ქვეყანა პროგრამისტმა, ფრენსის ცენმა აღმოაჩინა, რომელიც გრანტისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტარიფებს ეძებდა.

"ვიფიქრე, რომ ფილმიდან ქვეყანა არასწორად მახსოვდა და რაღაც სხვაში ამერია", — უთხრა პროგრამისტმა Reuters.

მას შემდეგ რაც ვაკანდა სიიდან წაშალეს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განმარტა, რომ გამოგონილი ქვეყანა პერსონალის სწავლებისთვის ჩაამატეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო.