ფინეთი ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპზე ონლაინ კურსს ევროკავშირის ქვეყნებს მათსავე ენაზე უფასოდ ჩუქნის. საშობაო საჩუქარი მხოლოდ EU-ს წევრებს ერგებათ. ამ ეტაპზე სასწავლო კურსი მხოლოდ ხუთ ენაზეა ხელმისაწვდომი — ინგლისურად, შვედურად, ესტონურად, ფინურად და გერმანულად.

თუმცა, კურსის გავლა Elements of AI-ის საიტზე უფასოდ ყველას შეუძლია, ვინც ამ ენიდან ერთი მაინც იცის, ასე რომ სარგებელი იმ ქვეყნების მოსახლეობასაც აქვს, რომლებიც EU-ს წევრი არ არის.

ონლაინ კურსის სტრუქტურა სიმარტივითა, მეგობრული დიზაინით, მოკლე კითხვებითა და ილუსტრაციებით გამოირჩევა. კურსის თითო სექციის შესრულებას 5-დან 10 საათი სჭირდება. მას, ვინც კურსის გავლას დაიწყებს, შეუძლია საკუთარ თავს დედლაინი დაუწესოს, ან სწავლის თავისუფალი გრაფიკი აირჩიოს.

პროგრამა 2018 წელს კომპანია Reaktor-მა ჰელსინკის უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავა. მისი მიზანი მარტივი იყო — ესწავლებინა ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპი ფინეთის მოსახლეობის 1%-სთვის. მიზანი რამდენიმე თვეში შესრულდა და ახლა Reaktor-ს სურს, რომ იგივე ევროკავშირის მოქალაქეების 1%-ს ასწავლოს.

ინიციატივის ღირებულება 1 679 000 ევროა და ის ფინეთის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტრომ დააფინანსა. კურსი სატესტოდ შეიტანეს ფინეთის ქალაქ ტურკუს ციხეშიც, სადაც პატიმრებს ციხის ბიბლიოთეკაში ლეპტოპები და ტაბლეტები დახვდათ. ისინი ეცნობიან სიახლეებს, მეცადინეობენ მათემატიკაში და Elements Of AI-ის კურსს გადიან.

მსოფლიოს მასშტაბით უფასო კურსი 230 000-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა 110 ქვეყნიდან. Reaktor-ის კონსულტანტმა ტექნოლოგიებში მეგან სკეიბლმა სიამაყით გვითხრა, რომ მსოფლიოში კურსის შემსწავლელი სტუდენტების 40% ქალია. რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას, კურსით დაინტერესებულთა 25% 45 წლის და უფრო მაღალი ასაკისაა.

მეგანი, რომელიც ტესტის დიზაინის შექმნაში იყო ჩართული, თავის მოტივაციას ხსნის:

"ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ რამდენიმე ელიტური დეველოპერისთვის და მდიდარი საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს გასაგები".

მისი თქმით, სწორედ არაინფორმირებულობის გამო ჩნდება მითები AI-ის შესახებ:

"კურსი ნებისმიერი ცნობისმოყვარე ადამიანისთვისაა, რომელიც მოტივირებულია და აინტერესებს, როგორ მუშაობს სამყარო. ასაკს, პროფესიას და ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს".

მეგანის თქმით, სურს, რომ უფასო ონლაინ კურსით კონკურენცია გაუწიოს ფეისბუქსა და ნეტფლიქსს და ინტერნეტმომხმარებლები იმით დააინტერესოს, რისი ცოდნაც ახლო მომავალში მთელ მსოფლიოს დასჭირდება.

კურსდამთავრებულების თქმით, დედლაინის დაწესებამ მათი მოტივაცია გაზარდა. 9%-ის თქმით, ონლაინ კურსი სახლიდან სამსახურამდე გზაში გაიარეს, 37%-მა შაბათ-კვირას და საღამოებზე. ხოლო 50%-ის თქმით, თუ განათლებას 20-დან 50 წუთამდე უთმობდნენ, ინტერესი უმძაფრდებოდათ.

Elements Of Ai-ის გავლას რომელიმე პროგრამული ენის ცოდნა არ სჭირდება. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ჰელსინკის უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. მეგანის სიტყვებით, კურსის ევროკავშირის უნივერსიტეტებში ჩაშვება იგეგმება და მისი არჩევისა და გავლის შემდეგ სტუდენტები კრედიტებს მიიღებენ.