კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში ევროპაბეთი 2020 წელს ჭადრაკის ფედერაციის რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დააფინანსებს.

მემორანდუმის მიზანი საქართველოს მასშტაბით ჭადრაკის პოპულარიზაციაა. ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი განსაზღვრულია 2020 წლის პერიოდითა და ბიუჯეტით — 150 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინიციატივა სრულდება ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პროექტის ფარგლებში.

მემორანდუმის გაფორმება ჭადრაკის მასშტაბური საკლუბო ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე შედგა. ჩემპიონატი 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს რეგიონების კლუბები იღებდნენ მონაწილეობას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორმა, ლაშა გოგუამ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ.

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის თქმით, აღნიშნული პარტნიორობა ფედერაციას საშუალებას მისცემს უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელოს:

"ერთ-ერთი მათგანი, რისი დაანონსებაც უკვე შეგვიძლია ისაა, რომ მომავალ წელს, ჭადრაკის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის საპრიზო თანხები გაორმაგდება, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ჭადრაკში" — განაცხადა გიორგაძემ.

"2020 წლის განმავლობაში დაფინანსდება კონკრეტული პროექტები, რის შესახებაც უკვე მომავალი წლიდან უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და აქვე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა 2021 წელსაც გაგრძელდება", — განაცხადა ლაშა გოგუამ.

ღონისძიებას დაესწრნენ საპატიო სტუმრები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი და სხვა ცნობილი მოჭადრაკეები.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, მსგავსი თანაპარტნიორობა ბიზნესსა და სპორტს შორის მისასალმებელია:

"ფედერაციისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული დახმარება, მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ურთიერთთანამშრომლობას", — განაცხადა გაფრინდაშვილმა.

"კომპანია ევროპაბეთი აღმოჩნდა ის პირველი მერცხალი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ ფედერაციის მომავალ პროექტებში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", — განაცხადა ნანა იოსელიანმა.

"ჭადრაკი ერთ-ერთი სამაგალითო და სასარგებლო დისციპლინაა ბავშვებისთვის და ბიზნესის მხრიდან დღეს გაწეული დახმარება ხვალინდელ დღეს ძალიან დაეტყობა", — აღნიშნა იოსელიანმა.

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის თებერვალში მოეწერება.