საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Tbilisi Pride-ის დირექტორი, გიორგი თაბაგარი 2020 წლის მომავალის პერსონად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. თაბაგარის კანდიდატურა სამინისტროს სწორედ საელჩომ შესთავაზა.

"Tbilisi Pride- ის დირექტორი და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თაბაგარი სამოქალაქო საზოგადოების წევრია, რომელიც აქტიურადაა ჩართული ლგბტ თემის წარმომადგენლების წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ასევე ყველა სხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში", — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მომავლის პერსონათა მოწვევის პროგრამა ირჩევს ახალგაზრდა პერსონებს მთელი მსოფლიოდან, რომლებსაც საშუალება ეძლევათ ერთკვირიანი სასწავლო პროგრამით ესტუმრონ საფრანგეთს. გიორგი თაბაგარი 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოდან მოწვეულ 65 პირს შორის მოხვდა და საფრანგეთში ვიზიტისას საშუალება ექნება ისარგებლოს სპეციალური პროგრამით, რომელიც ეხმიანება მის საქმიანობასა და აქტივობებს.