საქართველოს მთავრობამ უმრავლესობის ყოფილი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი და კიდევ ოთხი კანდიდატი კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევი კონკურსისთვის დაიწუნა.

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არც ერთი კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება", — აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. განაცხადები წარადგინეს: ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა.

კომუნიკაციების კომისიის წევრის თანამდებობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. კომისიის წევრებს ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ათასი ლარი აქვთ შემოსავალი. ამ თანამდებობაზე პირს საქართველოს პარლამენტი ნიშნავს, სადაც უმრავლესობით ქუცნაშვილის თანაგუნდელები არიან წარმოდგენილი.