საახალწლოდ ყოველ ჩვენგანს თავისი საყვარელი ტრადიცია აქვს: ოჯახთან ერთად დროის გატარება და ნაირ-ნაირი კერძებით პირის ჩატკბარუნება; მონატრებული ნათესავ-ახლობლების მონახულება და კვლავ ნაირ-ნაირი კერძებით მუცლის ამოვსება; 31 დეკემბრის საღამოს გონების დაკარგვამდე დალევა და მერე ორი დღე მკვდარივით გამოძინება და ასე დაუსრულებლად — გემოვნებისამებრ ათასნაირი ალტერნატივა არსებობს.

აი, კინოს მოყვარულებს კი (და ხანდახან არა მარტო მათ) ამ დროს ერთი რამ ყველაზე დიდ ნეტარებას ანიჭებს: საახალწლო ფილმების ყურება. ხშირად ვერანაირი საჩუქარი, მორთული ნაძვის ხე თუ ცაში გატყორცნილი ფოიერვერკი ვერ მოგიტანს ისეთ საახალწლო განწყობას, როგორც ამას შესაფერისი ფილმი მოახერხებს.

თუმცა ხშირად მხოლოდ სტანდარტულ, ცალსახად საახალწლო თემატიკის ფილმებს ვუყურებთ, არადა კიდევ არაერთი კინოსურათია, რომლის მთავარი სიუჟეტიც, შესაძლოა, ახალი წლის გარშემო არ ვითარდება, თუმცა საახალწლო განწყობას იდეალურად გადმოგვცემს.

ახლა სწორედ ასეთი ფილმების შესახებ გიამბობთ, რომელთა ნაწილს ბევრი თქვენგანი, ალბათ, აქამდეც დიდი სიამოვნებით უყურებდა სხვა ნებისმიერ დროს, თუმცა, სადღესასწაულო დღეებში მისი ნახვა ჯერ არ უცდია.

1. ჰარი პოტერი

შობას მაგლებთან ერთად ჯადოქრებიც აღნიშნავენ, მაგრამ ჰარი პოტერის ფილმები ერთი შეხედვით მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს საახალწლო თემატიკის ფილმად. მიუხედავად ამისა, ამ მაგიური სამყაროს მოყვარულებს საახალწლოდ ყველაზე მეტად სწორედ მისი ყურება სიამოვნებთ. თანაც ჰარი პოტერისა და მისი მეგობრების თავგადასავალი რვა ფილმის განმავლობაში გრძელდება და თუ 31 დეკემბერს დაიწყებთ მის ყურებას და დღეში ერთ ფილმს ნახავთ, 7 იანვრამდე, მართლმადიდებლურ შობამდე დაუვიწყარი თავგადასავლები არ მოგაკლდებათ.

2. ბრიჯიტ ჯონსის დღიური

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველას აღმატებული განწყობა როდი აქვს, პირიქით — ზოგიერთი ჩვენგანი კიდევ უფრო სევდიანდება ხოლმე. ასეთი შემთხვევებისთვის კი არსებობს ბრიჯიტ ჯონსი, რომელიც ყველაზე კარგად გაუგებს თქვენს გაწყობას და ზომიერ სევდასთან ერთად ღიმილსაც ხშირად მოგგვრით.

3. ქეროლი

თუ საახალწლოდ რამე ძალიან ლამაზი, ამაღელვებელი და შთამბეჭდავი ისტორიის ხილვა გსურთ, ქეროლზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ: 1950-იან წლებში განვითარებული სიყვარულის ჯადოსნური ისტორია თქვენი ყველაზე საყვარელი ზღაპრული საშობაო ამბავი გახდება.

4. ბეჭდების მბრძანებელი

ვისაც ფილმების ეს საკულტო ტრილოგია აქამდე უნახავს, შეიძლება გაიკვირვოს, რა კავშირშია ეს ეპიკური ისტორია ახალ წელთანო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გაიგებთ, როცა მას სწორედ საახალწლო განწყობით სავსე დღეებში ნახავთ: ბეჭდების მბრძანებლის ისედაც დაძაბული სიუჟეტის ყურება ამ დროს კიდევ უფრო ამაღელვებელი და აზარტული ემოციებით სავსე ხდება.

5. თქვენთვის წერილია

საახალწლო განწყობას რომანტიკულ კომედიაზე მეტად რა უნდა მოუხდეს? არც არაფერი, ამიტომაც 1998 წელს გამოსული ფილმი თქვენთვის წერილია, რომელიც უკვე ნამდვილ კინოკლასიკად იქცა, იდეალური არჩევანი იქნება — ტომ ჰენკსისა და მეგ რაიანის პერსონაჟებთან ერთად დაუვიწყარ დროს გაატარებთ.

6. ლედი და მაწანწალა

ლედი და მაწანწალა ის კლასიკაა, რომელიც რთულია, ვინმეს არ მოეწონოს. თანაც ამ შემთხვევაში მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ, როგორც დისნეის უკვე საკულტო ანიმაციას, ისე სულ ცოტა ხნის წინ გამოსულ უახლეს ეკრანიზაციასაც უყუროთ.

7. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

უდავოა, რომ უეს ანდერსონის ფილმების ყურება თვალს წელიწადის ნებისმიერ დროს უხარია, მაგრამ ახალი წლის განწყობა ამ უნიჭიერესი ხელოვანის გამორჩეული ესთეტიკით შექმნილ ფილმებს დამატებით საზეიმო ხალისს მატებს.

8. ფართოდ დახუჭული თვალები

ადამიანების ნაწილისთვის საახალწლო ჟრიამული და საყოველთაო ფუსფუსი მეტისმეტად მოსაბეზრებელია, შესაბამისად არც ხმაურიანი საახალწლო სიმღერები და გადაპრანჭული ფილმები ეხატებათ დიდად გულზე. ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს გამოსავალი: სტენლი კუბრიკის ლეგენდარული ფილმი ფართოდ დახუჭული თვალები მთლიანად დაგავიწყებთ თქვენთვის მომაბეზრებელ სადღესასწაულო რუტინას.

9. დაუვიწყარი რომანი

კლასიკური ჰოლივუდური კინო ვისაც უყვარს, ლეო მაკ-კერის მიერ გადაღებული ეს საკულტო სასიყვარულო ფილმი, რომლის ყურებაც, როგორც დამოუკიდებლად, ისე ძვირფას ადამიანთან ერთად დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ, აუცილებლად ზამთრის სუსხიან დღეებში უნდა ნახოთ და მაშინვე ამ სეზონისთვის შესაბამის განწყობაზე დადგებით.

10. ბოროტი გოგოები

თუ სულაც არ გინდათ, რომ ახალ წელს მაღალ მატერიებზე ფიქრით დაიღალოთ თავი ან ზედმეტად ემოციური ისტორიებით განწყობა წაიხდინოთ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება: თინეიჯერული კლასიკა საოცრად სასაცილო სიუჟეტით საახალწლო სუფრისგან მიღებული კალორიების დაწვაშიც კი დაგეხმარებათ.

თუკი კინოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია და მუდამ დიდი გულისყურით ელოდები ახალი ფილმების ეკრანებზე გამოსვლას, მაშინ აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე ჯგუფში — ერთი ფილმიც და...