სამოქალაქო მოძრაობა გაბედეს აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან დადგმულ წარწერას "ისტორიით სავსე ქალაქი" შავი ნაჭერი შემოაკრეს. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი აღარაა და 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას მთელი ქვეყანა გლოვობს. შავ ნაჭერს აქციის მონაწილეებმა საღებავით სისხლიანი ხელები დაახატეს.

"სამწუხაროდ, თბილის გადაიქცა სიკვდილით სავსე ქალაქად, მერამდენე ახალგაზრდა გარდაიცვალა მერამდენე ახალგაზრდა იმსხვერპლა ამ საშინელმა სისტემამ ეს სისტემა არის შესაცვლელი, ეს ქალაქი არ არის სადღესასწაულო განწყობით დღეს. დღეს ჩვენ ვგლოვობთ და გლოვით, ტირილით და სიკვდილით სავსე ქალაქი" , — თქვა მოძრაობა გაბედეს ერთ-ერთმა აქტივისტმა.

15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთანაც, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — "ამ ცხოვრების დედაც!" დატოვეს.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.

შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.