თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე ამბობს, ქართული ოცნების წევრები მის მეგობრებად რჩებიან და მათ ნებას პატივს სცემს. ამ საკითხზე დეპუტატმა მედიასთან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ქართულმა ოცნებამ ის პარტიიდან გარიცხა.

"ესენი რჩებიან ჩემს მეგობრებად, ყოველთვის. არასოდეს მე არ ვიკადრებ იმას, რასაც ზოგიერთი პარტიიდან წასულები კადრულობენ მაგათ წინააღმდეგ. მე ვამბობ, რომ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო. მე არავის არ ვადანაშაულებ, არავითარ შემთხვევაში, მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი განცხადებები აზარალებს გუნდს, ეს არის მათი ნება, მე პატივს ვცემ მათ ნებას და ვარგძელებ ჩემს ცხოვრებას", — თქვა ერეკლე კუხიანიძემ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია 16 დეკემბერსაც გაიმართა. გუშინ, 17 დეკემბერს მის კაბინეტში აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა კარავი გაშალეს და ამ ფორმით მოითხოვდნენ ერეკლე კუხიანიძის წასვლას. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ერეკლე კუხიანიძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან დღეს, 18 დეკემბერს გარიცხეს.