ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რევაზ აჭარაძე ჩვენბებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მწვანე სკოლის მოსწავლეებმა სტრესი არა მხოლოდ განყოფილებაში, არამედ იქ მისვლამდე, მწვანე სკოლაშიც მიიღეს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხდა.

მისივე თქმით, სკოლიდან ამოღებული ვიდოემასალით დადგინდება, თუ როგორი კომუნიკაცია ჰქონდა სკოლის დირექციას მოსწავლეებთან.

"რაც შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა, ამ გამოძიებაში ცალსახად არის ორი ნაწილი. როგორც სახელმწიფოს თანამშრომლების ანუ გამომძიებლების მიმართ წარმოებული, ასევე აუცილებელი არის, რომ სრულყოფილად იყოს გამოკვლეული, რა ვითარება იყო მწვანე სკოლაში. არის გარკვეული ჩვენებები, რომლებიც გარკვეულ გადაცდომებს თუ დანაშაულის ნიშნებს უშუალოდ ამ სკოლაშიც მიუთითებენ. არიან გამოკითხულები არასრულწლოვნები, ასევე სკოლის თანამშრომლები", — განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

აჭარაძემ ასევე დაადასტურა, რომ მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, დაკითხვისას ყოფილ თანაკლასელს დააპირსპირეს. მისი თქმით, ერთმანეთთაან დაპირისპირებამ ორივე მხარეს "დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა."

იმას, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითდაზიანებები მიიყენა, ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პოლიცია მისგან ყოფილი თანაკლასელის ამოცნობას ითხოვდა, რომელმაც სკოლის კედელზე წარწერები დატოვა.

მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელსაც გამოძიება სკოლის კედელზე წარწერების დატოვებას ედავებოდა, დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა და გუშინ, 17 დეკემბერს, გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა