ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, რევაზ აჭარაძე ადასტურებს, რომ მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, დაკითხვისას ყოფილ თანაკლასელს დააპირსპირეს. როგორც იურისტი ამბობს, ერთმანეთთაან დაპირისპირებამ ორივე მხარეს "დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა."

"როგორც მასალებიდან ირკვევა, ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო. დაპირისპირებაც კი მოხდა. რასაც, რა თქმა უნდა, უარყოფს გამომძიებელი, რომელიც ამ ეტაპისთვის დაკავებულია. ასე ვთქვათ, კლასიკური დაპირისპირება იყო. არასრულწლოვნები ჰყავდათ უშუალოდ მაგ განყოფილებაში დაბარებულები. დააპირსპირეს ერთმანეთს. უშუალოდ ამ ნაწილზე, რაც ამ გოგონას შეეხება, მეტს ვერ დავამატებ. რასაც გავეცანი დიდად გამოსაქვეყნებელი ამ ეტაპისთვის არ არის", — განაცხადა რევაზ აჭარაძემ TV პირველის ეთერში.

იმას, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითდაზიანებები მიიყენა, ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც.

მედიაში გავრცელდა ინფორმაციას, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც პოლიცია მისგან ყოფილი თანაკლასელის ამოცნობას ითხოვდა, რომელმაც სკოლის კედელზე წარწერები დატოვა.

მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელსაც გამოძიება სკოლის კედელზე წარწერების დატოვებას ედავებოდა, დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა და გუშინ, 17 დეკემბერს, გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.