სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითდაზიანებები მიიყენა. ასე გამოეხმაურა თოლორაია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მწვანე სკოლის კიდევ ერთმა მოსწავლემ თვითმკვლელობა სცადა.

გავრცელებული ინფრომაციით, თავის მოკვლა მოსწავლემ მას შემდეგ სცადა, რაც პოლიცია მისგან ყოფილი თანაკლასელის ამოცნობას ითხოვდა, რომელმაც სკოლის კედელზე წარწერები დატოვა.

მწვანე სკოლის დირექტორი კახა დავითური გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ "რაც არ უნახავს, ვერ დაადასტურებს".

"არაფერი არ გამიგია, არ ვიცი... ჭორების შესახებ ვერ ვისაუბრებ", — განუცხადა On.ge-ის კახა დავითურმა.

დირექტორის თქმით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ, როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე მოსწავლეებიც, რომელთაც თან მშობლებიც ახდნენ.

მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელსაც გამოძიება სკოლის კედელზე წარწერების დატოვებას ედავებოდა, დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა და გუშინ, 17 დეკემბერს, გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.