ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხეს. ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"გადავწვიტეთ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები, შესაბამისად, უახლოეს სხდომაზე დავაყენებთ შუამდგომლობას, მის თანამდებობიდან გადაყენებაზე. საკრებულოის მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძელი შეიძლება იყოს პირადი განცხადება. ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება", — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის. საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გუშინ, 16 დეკემბერსაც გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ გუნდი გაივლიდა კონსულტაციებს და გადაწყვეტილებას მეორე დღეს გააცნობდნენ.