შეუძლიათ თუ არა ნახატებს, დაგვეხმარონ მელანქოლიასთან გამკლავებაში? ხელოვნების ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, გვაქვს საფუძველი ვამტკიცოთ, რომ დიახ, მათ ეს შეუძლიათ. ალბრეხტ დიურერის მეთექვსმეტე საუკუნით დათარიღებული დაღვრემილი ანგელოზის გრავიურიდან დაწყებული, წელს ლონდონში შექმნილი იმ საპროტესტო კედლის მხატვრობით დასრულებული, რომელსაც ბენქსის მიაწერენ და რომელზეც ვკითხულობთ, რომ "აქედან სასოწარკვეთა მთავრდება და იწყება ტაქტიკა", დასავლურ ფერწერაში არსებობს ერთგვარი საიდუმლო ტრადიცია. ამ ტრადიციის ნაწილია ის ნახატები, რომლებშიც მელანქოლია წარმოდგენილია არა როგორც უბრალო სენი, რომლისგანაც ადამიანი იტანჯება, არამედ როგორც იდუმალი თავსატეხი, რომელსაც შეუძლია, დარდი განგვიქარვოს.

ფილოსოფოსის ალან დე ბოტონის მიხედვით, მელანქოლია "არაა აშლილობა, რომელესაც განკურნება სჭირდება, არამედ ესაა იმის განყენებული გააზრება, თუ რამხელა მოცულობის აგონიის გადატანა გვიწევს". სულის სუდოკუსავით, იმგვარი ვიზუალური გამოცანები, როგორებიცაა ლუკას კრანახ უფროსის ფერწერული ტილო მელანქოლია (1532 წელი), არტემიზია ჯენტილესკის მარიამ მაგდალინელი როგორც მელანქოლია (1622-1625 წლები) და ჯორჯო დე კირიკოს მელანქოლია და ქუჩის მისტიკა (1914 წელი), გონების დაკავების გზით გვიხსნიან იმ ჭმუნვისაგან, რომელსაც მათთანვე ვიზიარებთ. ეს ნამუშევრები წარმოშობილია იმავე ინსტიქტისგან, რომელმაც შთააგონა რობერტ ბიორტონი, მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი სწავლული და 1621 წელს გამოცემული გავლენიანი წიგნის, მელანქოლიის ანატომიის ავტორი, ემტკიცებინა, რომ "არაფერი უწყობს ხელს მელანქოლიის განვითარებას უფრო მეტად, ვიდრე უსაქმურობა და არ არსებობს მისი უკუთესი მკურნალი, ვიდრე საქმე". მაინც, რა ტიპის საქმე? ბიორტონი ამ კითხვას ასე პასუხობს: "მელანქოლია დაიძლევა მხოლოდ და მხოლოდ მელანქოლიის მეშვეობით".

თავსატეხი თავსატეხში

ალბრეხტ დიურერის მეთექვსმეტე საუკუნის გრავიურა საიდუმლოებით მოცულ იმდენ სიმბოლოს შეიცავს, რომ მნახველებს საგონებელში აგდებს.

ფოტო: Getty

იმისათვის, რომ ბოლომდე დავაფასოთ, როგორ მუშაობს ეს პარადოქსი, განვიხილოთ დიურერის 1514 წლის ცნობილი ნამუშევარი, მელანქოლია I, რომელმაც, შესაძლებელია ითქვას, საფუძველი ჩაუყარა ზემოთხსენებულ ტრადიციას. ფრთოსანი, დამწუხრებული და მუშტზე თავდაყრდნობილი ანგელოზი ხელში ატრიალებს უწვერო ფარგალს, მაშინ, როდესაც მის გარშემო ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული სიმბოლოები უწესრიგოდაა მიყრილ-მოყრილი. რა საერთო უნდა ჰქონდეს ჩაქუჩსა და გაშლილ კუთხეს? მაშასა და სასწორს? კიბესა და მარწუხს? საცეცხლურსა და მზის საათს? როგორ უნდა გავზომოთ ნაშრომის შუა სივრცეში მოთავსებული უზარმაზარი პოლიჰედრონის მეტაფიზიკური წონა? და გვეჩვენება, თუ მისი მრავალგანზომილებიანი ზედაპირიდან წერტილოვანი პიქსელებით გამოსახული თავის ქალა მართლა შემოგვყურებს ავისმომასწავებლად?

რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ჩაპუტკუნებულ ქერუბიმს, რომელიც უსინათლო თვალებით შავ ფიქალზე ჯღაბნის რაღაცას და გრავიურის ცენტრში გამოსახულ წისქვილის ქვაზე შემომჯდარა? მის უკან, მოშორებით, ცისარტყელა ჩანს? და ცისარტყელას ქვეშ კომეტაა გამოსახული? რა საერთო აქვთ ამ დრამატიზმით აღსავსე ატმოსფერულ მოვლენებს მელანქოლიასთან — ბანერზე დაწერილ სიტყვასთან, რომელსაც პირდაფჩენილი ღამურა შლის ცაში? დიურერის ეპოქაში მიაჩნდათ, რომ მელანქოლიას იწვევდა შინაგანი დისბალანსი — შავი ნაღველის მოჭარბება (ეს იყო ერთ-ერთი მისტიკური სითხე იმ ოთხიდან, რომელთაც ანტიკური ხანიდან მოყოლებული ადამიანის გუნების განმსაზღვრელად თვლიდნენ). შავი ნაღველის წარმოქმნა უკავშირდებოდა შემოდგომასა და პლანეტა სატურნს. როგორ ეწერება ეს ცოდნა იმ ისედაც ზედმეტად ჩახლართულ ფორმულაში, რომელსაც გრავიურის ამოუცნობი მინიშნებები ქმნიან?

ხუთასი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ეს ნამუშევარი შეიქმნა, სწავლულები თავს იმტვრევდნენ იმის ცდაში, რომ უამრავი ალეგორია, სიმბოლო თუ ტროპი ერთ მწყობრ ნარატივად ექციათ. აქამდე არსებული არაერთი ინტერპრეტაციისა და ჯერაც არარსებული საბოლოო დასკვნის ფონზე, ჩნდება ეჭვი, ხელოვნების ამ ნამუშევრის არსის ამოუცნობა ხომ არ წარმოადგენს კიდეც მის არსს, თვითმიზანს. მელანქოლიით გამოწვეული სასოწარკვეთის პირდაპირ გამოსახვის სანაცვლოდ, გრავიურა, როგორც ჩანს, რთულად ამოსახსნელი თავსატეხის ფორმით ერთგვარ ეშმაკურ საბრძოლო მექანიზმს ქმნის, რომელიც რუბიკის კუბივით მუშაობს — ამ გრძნობით უკიდურესად გატაცებისას ჩვენი გონება მისგან თავისუფლდება.

ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული "მათემატიკური სასწაული" — ჯადოსნური კვადრატი, შესაძლოა, იყოს გასაღები იმის ამოსაცნობად, რომ გრავიურის ეფექტი ცხოვრებით გათანგული გონებისთვის განკუთვნილი ფიჯეტ სპინერის მსგავსია. დიურერის ჯადოსნური კვადრატი, ანუ რიცხვების ცხრილი, რომლის ნებისმიერ რიგში, სვეტსა თუ დიაგონალზე განთავსებული ციფრების ჯამი ყოველთვის 34-ს უდრის, წარმოადგენს ამ ტიპის არითმეტიკული სასწაულის ყველაზე ადრეულ ნიმუშს, რომელიც ევროპაში გამოუსახავთ. გონებამახვილური რიცხვითი ბადე, რომლის ქვედა მწკრივი გრავიურის შექმნის თარიღს აჩვენებს, ნამუშევარს მსოფლიოსთვის დამახასიათებელი წესრიგის გრძნობითა და შეუცდომელი ლოგიკით სჭვალავს; ოღონდ ის კია, რომ ამ ლოგიკის არსში ჩაწვდომა შეუძლებელია. მოკვდაობის სიმბოლოებით გარშემორტყმული რიცხვითი ბადე, — მის თავზე გამოსახული ზარი სიკვდილის ხშირად გამოყენებული მეტაფორაა, ხოლო მის მარცხნივ მდებარე ქვიშის საათი სიცოცხლის წარმავლობას დროის მიმდინარეობის აღრიცხვით გვახსენებს, — გვაცდუნებს, რომ ვეძებოთ ფარული ჰარმონია, რომელიც ჩვენს არსებობას სარჩულად უდევს და ამის საშუალებით მოწყენილობით გამოწვეული ნაღველის საფრთხეს გვარიდებს.

დიურერის გრავიურის მრავალი ელემენტი ლუკას კრანახი უფროსის 1532 წლის ნახატ მელანქოლიაშიც გვხვდება.

ფოტო: Alamy

სულ მალე ის მისტიკა, რომლითაც დიურერის გრავიურა იყო გაჟღენთილი, კულტურულ ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა. მისი თანამედროვე მხატვარი, ლუკას კრანახი უფროსი თავის 1532 წლის ფერწერულ ტილოში, მელანქოლია, გერმანული რენესანსისთვის დამახასიათებელ მკაფიო ფერებში ახალ ფორმას აძლევს იმ ელემენტებს, რომლებსაც ადრეულ შავ-თეთრ გრავიურაზე ვხვდებით. ეს ელემენტებია: ჩაფიქრებული ანგელოზი, გაძვალტყავებული ძაღლი, უცნაური ქცევა ჩაპუტკუნებული ბავშვისა, რომელიც კრანახის ნამუშევარში გარდაქმნილია მობარბაცე სამტყუპად. ასევე დიურერისგანაა ნასესხები უზარმაზარი ცარიელი სფეროს იდეაც. თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად იტაცებს თვალს, ერთ-ერთი ყრმის ხელში მოქცეული რგოლია, რომელშიც თითქოს სფერო უნდა გაძვრეს. ამის შემხედვარე, გვებადება კითხვა — გაეტევა კი სფერო რგოლში? ყრმების ქმედების წარმატება-წარუმატებლობაზე ფიქრით გატაცებულმა ჩვენმა თავებმა დიურერის ანგელოზი შეიძლება მოგვაგონოს; ოღონდ ჩვენ გონებაში ვატრიალებთ წარმოსახვით ფარგალს, ბურთისა და რგოლის პროპორციების შედარებასა და გამოთვლებში გართულები. ასე ფიქრში ჩაკარგულები, ლამის ვეღარც კი ვამჩნევთ, რომ ჩვენი მელანქოლიური ნაღვლიანობა თანდათან რაღაც უფრო კეთილშობილურში — ფილოსოფიურ განსჯაში გარდაიქმნება.

ფეტის მელანქოლია დიურერის გრავიურისთვის ნიშნეული საგნების გვერდით სახატავ ფუნჯებსაც უჩენს ადგილს.

ფოტო: Alamy

დიურერის ეს შთამბეჭდავი ხედვა მომდევნო საუკუნეებშიც აქტუალური დარჩა. მეჩვიდმეტე საუკუნის იტალიური ბაროკოს გამოჩენილი მხატვრები, დომენიკო ფეტი და არტემიზია ჯენტილესკი, მელანქოლიას იმგვარ ტანჯვად წარმოაჩენენ, რომელსაც პრივილეგირებულად სახელოვნებო ნიჭის მქონენი განიცდიან. ფეტის 1619 წლის მელანქოლიაში იმ დროისათვის უკვე მრავალგზის გამოყენებულ ძაღლისა და სფეროს გამოსახულებებს კვლავ კი ვხვდებით, მაგრამ აქვეა ნახატის ქვედა ცენტრალურ ნაწილში გამოსახული ნაჭერშემოხვეული ფუნჯების კონა და მცირე ზომის ანატომიური სკულპტურა. ჯენტილესკი თავის ნამუშევარში, მერი მაგდალინელი როგორც მელანქოლია, განსხვავებულ მიდგომას იყენებს. ის თავიდან იშორებს თითქმის ყველა სიმბოლურ ნივთს, რომელთა შესწავლა და გამოკვლევა დიურერის, კრანახისა და ფეტის ნამუშევრებით ტკბობის შემადგენელი ნაწილია. სანაცვლოდ, მხატვარი მელანქოლიის პერსონიფიკაციის ხერხს მიმართავს და, ამასთან, ეს ნამუშევარი ავტოპორტრეტსაც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ამოსახსნელი თავსატეხი შემთხვევითი მინიშნებების გროვისგან კი არ შედგება, არამედ ესაა პალიმფსესტი მრავალწახნაგიანი იდენტობისა, რომელიც ხელოვანმა ერთ სუბიექტში მოაქცია და მასში ალეგორიის, რელიგიისა და თვითრეფლექციის იდეები ჩააქსოვა.

ჯენტილესკიმ თავისი ტილო დიურერისეული სიმბოლოებისგან განძარცვა და ყურადღების ცენტრში ადამიანი და მისი სევდის გამომხატველი პოზა მოაქცია.

ფოტო: Alamy

იმ უამრავ სიმბოლო-ალეგორიაზე უარის თქმით, რომელიც ქრონიკული სევდიანობის გამომხატველ ადრეულ ნიმუშებში გვხვდება, ჯენტილესკისეული დარდის დამძლევი თავსახეტი წარმოდგენილია ადამიანის შორსმჭვრეტელი და ღრმა ფიქრების გამომხატველი სახისა და სხეულის გამოსახულებით. ტრადიციის განვითარების შემდგომ ეტაპზე ფრანსისკო გოია, ვინსენტ ვან გოგი და ედვარდ მუნკი სწორედ ჯენტილესკისგან ისწავლიან კომპოზიციურ ეკონომიას.

გოიას მიერ შესრულებულ პორტრეტში გასპარ მელჩორ დე ხოველიანოსი ნაცნობი პოზით წარსდგება ჩვენ წინაშე.

ფოტო: Alamy

გოიას მიერ შესრულებული ესპანელი სახელმწიფო მოღვაწის, გასპარ მელჩორ დე ხოველიანოსის 1978 წლით დათარიღებული პორტრეტი ასევე თავისუფალია ჩახლართული მეტაფორებისა და შედარებებისაგან. სურათზე გამოსახული ადამიანის თვალებში არეკლილი სევდაა ის, რაც აკავებს ჩვენს მზერას და თრგუნავს ჩვენს დარდს. მართალია, გოიას დამწუხრებული გმირის ირგვლივ გამოსახულ საგნებს სიმბოლური დატვირთვაც შეიძლება მივაწეროთ, — იქნება ეს დაკეცილი წერილი, რომლის სიმძიმეც თითქოს ხოველიანოსის ხელს დაბლა ექაჩება, ანდაც იდუმალი თანაგრძნობა ქანდაკებისა, რომელსაც ნუგეშისმცემელი ხელი კაცის თავისკენ გაუშვერია, — მაგრამ ამ ყველაფერს დატანჯული სულის მეტად თვალშისაცემი გამოცანა ჩრდილავს.

ვან გოგმა დაწერა: "ექიმ გაშეში მე ჭეშმარიტი მეგობარი აღმოვაჩინე... ჩვენ ერთმანეთს ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც საოცრად ვგავართ".

ფოტო: Getty

იმ დროისთვის, როცა ვან გოგის 1890 წლის ექიმი პოლ გაშეს პორტრეტი და მუნკის 1891 წლის მელანქოლია იქმნება, უკვე ნათელია, რომ დიურერის, კრანახისა და ფეტისეული ჩახლართული ალეგორიების შემდეგ მელანქოლიისადმი მხატვრული დამოკიდებულება და ესთეტიკური სტრატეგიები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა შედევრებში გრძნობის ინტენსიურობა მეტად იტაცებს მნახველს, ვიდრე — გამჭრიახი ინტელექტუალური იკონოგრაფია. თუმცა, მართალია, იმ სივრცეში, სადაც ვან გოგისა და მუნკის მწუხარე ფიგურები სახლობენ, ადრეული ხანისთვის ნიშნეული მეტაფორებისა და მინიშნებების კლაუსტროფობიული გროვა აღარ გვხვდება, მაგრამ ეს ნამუშევრები თავიანთი ლირიკული მიმზიდველობით მაინც ახერხებენ ჩვენი ყურადღების დატყვევებას.

იგივე შეიძლება ითქვას დე კირიკოს მარტოსულობის სიზმრისეულ ოდაზე, მელანქოლია და ქუჩის მისტიკა, რომელიც, პარადოქსულად, მარტოობიდან გათავისუფლებას მარტოობისვე მახეში გაბმით გვთავაზობს. ნახატზე გამოსახულია გოგო, რომელიც თითქოსდა კრანახის ტილოდან მოპარული რგოლის გორებით უკაცრიელი ადგილის ცივი ჩრდილისკენ მიიწევს, მაშინ, როცა უცნობის ჩრდილი ავბედითად იწელება მისი მიმართულებით.

დე კირიკოს მელანქოლია და ქუჩის მისტიკა აღარ გვანახებს ცენტრში მჯდომარე სასომიხდილ ფიგურას და, სანაცვლოდ, დამზაფვრელ, ნახევრადუჩინარ სილუეტებს ხატავს.

ფოტო: Alamy

ნახატზე არ ვხვდებით ცენტრში მჯდომ, ნაღველისგან გათანგულ ადამიანს, რომლის პოზითაც ძველი დროის ოსტატები სასოწარკვეთას გამოხატავდნენ. რადგან აქ არც ფსიქოანალიზისთვის საჭირო სახე ან ფიზიონომიაა და არც თავსატეხის ამოსახნელად აუცილებელი ორაზროვანი საგნები, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მზერა მივაპყროთ დისკომფორტის გამომწვევ არეულ პერსპექტივებს და გაქრობის პირას მყოფ ფიგურებს, რომლებიც მთლიან სცენას დამზაფვრელ სივრცეში ათავსებენ; ესაა ადგილი, რომელიც დროისა და სივრცისგან განცალკევებულია და მაინც საოცრად მშობლიური რჩება.

სასოწარკვეთის შოკისმომგვრელი ძალა

დიურერიდან დე კირიკომდე მხატვრები სევდიანობისგან ჩვენს დახსნას მუდმივად პროგრესირებადი ვიზუალური ფანდების გამოყენებით ცდილობდნენ. მაგრამ რა ხდება, როცა ჩვენი მელანქოლიის წყარო არა მხოლოდ ჩვენს შინაგან სიმშვიდეს ემუქრება შთანთქვით, არამედ საფრთხეს უქმნის ყველასა და ყველაფერს? 2019 წლის აპრილში ლონდონის მარმარილოს თაღთან ახლოს, იმ ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ზომების მიღებას ითხოვდნენ, ერთ ღამეში გაჩნდა კედლის მხატვრობა, რომელმაც მელანქოლიის გამოსახვის ტრადიცია ახალ საფეხურზე აიყვანა.

2019 წლის აპრილში, ლონდონში გაკეთებულ კედლის მხატვრობაზე, რომლის ავტორადაც ბენქსის მოიაზრებენ, კლიმატურ ცვლილებებთან მებრძოლი მოძრაობის, Extinction Rebellion-ის ლოგოა გამოსახული.

ფოტო: Getty

გრაფიტიზე, რომლის ავტორობას ბენქსის მიაწერენ, გამოსახულია პატარა ნიჩაბთან და ახლადდარგულ ყლორტთან ჩამუხლული ბავშვი. ხელში მას მინიატურული პოსტერი უჭირავს, რომელზეც არაძალადობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ლოგოს მიმსგავსებული მარტივი გეომეტრიული ფიგურა — წრეში მოთავსებული ქვიშის საათია დატანილი. ეს საათი დიურერის გრავიურის ელემენტსაც მოგვაგონებს. აქვეა წარწერა: "აქედან სასოწარკვეთილება მთავრდება და იწყება ტაქტიკა". ეს შეტყობინება საოცრად წააგავს იმ სულისკვეთებას, რომლითაც ზემოთხსენებული ხელოვნების ნიმუშები იქმნებოდნენ. კედლის მხატვრობის მიზნის პირდაპირობა საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრის მნიშვნელოვნებას ააშკარავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაფარული შინაარსის ამოხსნაზე დასაკარგი დრო აღარ გვაქვს; გადაკრულ მინიშნებათა ეპოქა დამთავრდა. მელანქოლია ფუფუნებაა, რომელიც ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული კაცობრიობისთვის უკვე ხელმიუწვდომელია.