15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის გამო სამოქალაქო აქტივისტები იაშვილის კლინიკასთან სოლიდარობის აქციას აწყობენ. მოზარდი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეებმა თეთრი მიხაკები მიიტანეს და კლინიკის კიბეებზე დააწყვეს. მათ სანთლებიც დაანთეს. აქტივისტები ოჯახს თანადგომას უცხადებენ.

ფოტო: ჯოზეფ ლალიაშვილი / On.ge

ფოტო: ჯოზეფ ლალიაშვილი / On.ge

ფოტო: ჯოზეფ ლალიაშვილი / On.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა და შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.

"პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან", — ნათქვამია საიას განცხადებაში, საპირისპიროს კი ირწმუნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.