პარლამენტში ქართული ოცნების წევრები ვაშინგტონში IRI-ს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა IRI და NDI გააკრიტიკა.

როგორც პარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია არიან.

მმართველი გუნდის წევრები IRI-ს პრეზიდენტ დენიელ ტვინინგსა და IFES-ს პრეზიდენტ მაიკლ სვეტლიკს 16 დეკემბერს შეხვდნენ.

როგორც ტვინინგი ტელეკომპანია ფორმულასთან ამბობს, მმართველი გუნდის წევრებთან მათ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის დემოკრატიის გარკვეულ წილად გაუარესებაზე, საარჩევნო სისტემაზე, მოსამართლეებზე, მთავრობის ურთიერთობაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და IRI-ს კვლევებზე.

თავის მხრივ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით მათ გარკვეული კომენტარები ჰქონდათ. მისივე თქმით, თანამშრომლობის გაგრძელება მათი ამოცანაა.

"ასევე, შევეხეთ იმ საკითხს, რომელიც ეხება IRI-ს ბორდის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის ლობირებას, რაც არის ოფიციალურად გაფორმებული", — განაცხადა კობახიძემ.

ნოემბრის ბოლოს ივანიშვილმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევებით კვლავ უკმაყოფილოა. იმედის ეთერში მან თქვა, რომ მათ შესახებ კონგრესის, სენატისა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმირებისთვის ღია წერილის გამოქვეყნებასაც კი გეგმავს.

მისი ნათქვამის მიხედვით, ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.

"იმდენად უნდოა ეს კვლევები, რომ შეიძლება ამაზეც მიდის მუშაობა, რომ აი, ამერიკული ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას", — თქვა NDI-სა და IRI-ის კვლევებზე ბიძინა ივანიშვილმა.