პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კონგრესმენების კრიტიკული წერილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ნიშანდობლივია.

"მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც პირდაპირ აჩვენებს როგორ სერიოზულ პრობლემასა და შარშია ივანიშვილი, თუ ის არ შეცვლის თავის სტრატეგიას, არ გამოასწორებს მიდგომებს და არ გამოიყვანს ქვეყანას ამ ძალიან მძაფრი პოლიტიკური კრიზისიდან", — ამბობს კაპანაძე რუსთავი 2-თან.

გუშინ, 16 დეკემბერს კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ ე. კონოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. მათ პრემიერი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკეს. მათივე წერილში აღნიშნულია, რომ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ ხალხს "მოძალადე ბოროტმოქმედები დაუპირისპირეს".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ კნინდება. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, პარტნიორებს მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ვაშინგტონამდე წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა "ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან".