თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს გინების გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

კუხიანიძის საუბრიდან ირკვევა, რომ ის მხოლოდ გამოხატვის ფორმის გამო იხდის ბოდიშს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოჯახის მიზანი პროვოკაცია ყოფილიყო.

"ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, რაც… იმ არაკორექტურობისთვის, რომელიც მე გაღიზიანების გამო [დავწერე]", — თქვა კუხიანიძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, იხდის თუ არა საკრებულოს დეპუტატი შინაარსთან დაკავშირებითაც ბოდიშს, კუხიანიძე ასე პასუხობს:

"ის რომ გადავიდა, მან იცოდა, რა საფრთხე ემუქრებოდა. და როდესაც მოხდა შეტევა სახელმწიფოზე იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო... ეს შეტევა ჩავთვალე მე პროვოკაციად. მეორე დღეს, როდესაც მე გავასწორე პოსტი, არ მიხსენებია ბატონი ვაჟას ქმედება... [ვაჟა ექიმმა] რა თქმა უნდა, არაფერი არ დააშავა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს უშავებს და ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა მაგის გამო. მე ვამბობ, როდესაც რაღაცა მოხდება და ცნობილია რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს და მთავრობა ვერ ეხმარება და ამის შემდეგ ხდება მთავრობის დადანაშაულება, ეს შეიძლება ჩავთვალოთ პროვოკაციად".

რამდენიმე დღის წინ კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.