ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ხუთი წლის წინ აღძრულ საქმეზე გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ახალი ვერაფერი გაიგო". ჟურნალისტის კითხვაზე, იცრუა თუ არა გამომძიებელმა საქმის ახალ გარემოებაზე საუბრისას, ბოკერია პასუხობს:

"ღმერთო, მე მგონი, მართლა იცრუა".

მისივე განცხადებით, გამოკითხვაზე ისეთი არაფერი თქმულა, რასაც შეიძლება გრიფი ედოს. ბოკერის თქმით, მისი საქმე სხვა პოლიტიკური ლიდერების მიმართ დევნის დაწყების "სურათის ნაწილია".

"არ მიყვარს ვიქტიკიზაცია, ამიტომ გეუბნებით, რომ ჩემი პერსონის საკითხი არ ცვლის იმ სურათს, რაც ისედაც გვქონდა. როცა მთელი წყება პოლიტიკური ლიდერების, მედია ლიდერების, ვინც ხელისუფლების ოპონენტია, არის გამოძიების ქვეშ... ივანიშვილის ილუზია, რომ ის ლეგიტიმური აღშფოთება, რაც აქვს საზოგადოებას, ამით გაქრება, არის სრული სიბრიყვე", — ამბობს ბოკერია.

დღეს, 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა. საქმე ეხება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ ხუთი წლის წინ აღძრულ საქმეს.

გამოკითხვის დაწყებამდე საქმის გამომძიებელმა, ბექა კვიციანმა განმარტა, რომ გიგა ბოკერიასთვის საჭირო გახდა დამატებითი კითხვების დასმა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.