პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის დეპუტატებს ციხეში პატიმრების მოსანახულებლად შესვლაზე ბოიკოტის გამო უარი უთხრა. ამ გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს დოკუმენტები დაუხია.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები თინა ბოკუჩავა და ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგო რატიანი ითხოვდნენ საპარლამენტო უფლებამოსილებით საპატიმროებში შესვლის უფლების მინიჭებას. მათი თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებულების მონახულება სურთ.

"ეს ადამიანები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და არალეგიტიმურს უწოდებდნენ დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო უფლებამოსილების მინიჭებას, საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას და გაუგებარია, საზოგადოებას აუხსნან, თუ უცხადებენ ბოიკოტს პარლალმენტს, თუ მიაჩნიათ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება და დაიბლოკოს, ბოქლომი უნდა დაადონ კარებს, მაშინ როგორ ხდება, რომ თან ითხოვენ საპარლამენტო უფლებამოსილების და პრივილეგიის გამოყენებას", — თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ პატიმრების მონახულების უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს და დღეს ეს მისი უფლებაა. დაპირისპირების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი ბიუროს სხდომის დარბაზიდან გააძევა.