ჯონ ლენონის სათვალე 182 869 დოლარად გაიყიდა. ლეგენდარული მუსიკოსის ნივთი ლონდონში გამართულ სოთბის აუქციონზე უცნობმა პირმა იყიდა. სათვალეს თან ახლდა წერილი, რომელშიც ლენონის ყოფილი მძღოლი ალან ჰერინგი ნივთის ისტორიას გვიყვება.

ჰერინგი ამბობს, რომ ბითლზის ვარსკვლავს მრგვალშუშებიანი სათვალე 1968 წლის ზაფხულში რინგო სტარის ავტომობილში დარჩა.

ფოტო: Sotheby's

"ჯონს და რინგოს გავუარე მერსედესის მარკის ავტომობილით და ბიჭები ოფისში მივიყვანე. როდესაც ჯონი გადავიდა მანქანიდან, სათვალე უკანა სავარძელზე აღმოვაჩინე. მას შუშა და ერთი ტარი მომძვრალი ჰქონდა. მოგვიანებით, მინდოდა ის ჯონისთვის დამებრუნებინა, მაგრამ ის უკვე ახლის ყიდვას აპირებდა. მას შემდეგ სათვალეს ხელუხლებლად ვინახავ", — ამბობს წერილში ალან ჰერინგი.

ჰერინგმა ბითლზისთვის მუშაობა 1967 წელს დაიწყო, კონტრაქტი კი ჯორჯ ჰარისონთან გააფორმა. ის ჰარისონის მძღოლი და პერსონალური ასისტენტი იყო. როდესაც ბითლზი ინდოეთში გრძელვადიან ტურზე გაემგზავრა, ჰერინგმა მუშაობა რინგო სტართან განაგრძო.

ჰერინგი ბითლზს ყველგან დაყვებოდა.

"ჯორჯის და რინგოს თითქმის ყველა ალბომის ჩაწერაზე ვარ ნამყოფი, მათ შორის მახსენდება White Album, Abbey Road და Let it be. ბითლზთან ერთად გატარებული დრო საოცარი იყო", — ამბობს ჰერინგი.

სოთბის აუქციონზე ბითლზის სხვა ნივთებიც იყიდებოდა, მათ შორის ყელსაბამი, რომელიც ჰარისონს ეკეთა, 10 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (13 341 დოლარი).