თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მისივე თანაგუნდელის, ერეკლე კუხიანიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას მხოლოდ იმის გამო ვერ დაუჭერს მხარს, რომ "ოპოზიცია უკიჟინებს". მისივე თქმით, საკრებულოს წევრებს სადეპუტატო მანდატის შესაჩერებელი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვთ.

"საკრებულოდან გათავისუფლების სულ რამდენი საფუძველი არსებობს: ერთი — გარდაცვალება, მეორე — სისხლის სამართლის დანაშაულის დამტკიცება და მესამე — პირადი განცხადება და ა.შ. არ ვაპირებ ამ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილში, რომ რახან ოპოზიცია გვიკიჟინებს ამის გამო [მანდატის შეჩერებას მხარი დავუჭირო]", — განაცხადა დავითულიანმა.

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.