სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემელაძემ უთხრა, რომ ქართული ოცნების წევრის, ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, 17 დეკემბერს გამოაცხადებენ.

"გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია კუხიანიძის პოზიცია და ასევე თქვა, რომ ქართულ ოცნებაში ყველასთვის მიუღებელია... დღეს უნდა გამართონ კონსულტაციები. სხვებიც იყვნენ ქართული ოცნებიდან, რიმა ბერაძემ თქვა, რომ მისთვისაც მიუღებელია კუხიანიძის განცხადება", — აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აქციას ასრულებენ და თუ კუხიანიძე საკრებულოში დარჩება, ისევ აქციას გამართავენ.

თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აგინა.

"არ შეიძლება თბილისის საკრებულოში იყოს მოსიარულე ნაგავი. იმის ნაცვლად, რომ მხარში ვედგეთ ვაჟა გაფრინდაშვილს, ამის ნაცვლად ეს ნაგავი დგას და პროვოკატორს ეძახის ამ ოჯახს", — თქვა ალეკო ელისაშვილმა.

ერეკლე კუხიანიძე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.