პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც პარლამენტთან დაწყებული საპროტესტო აქციებიდან რამდენიმე საათში გადადგა, ამბობს, რომ მისმა პარტიამ 100 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზება შეძლო, ოპოზიციამ კი 5-6 ათასის. კობახიძის კომენტარი მედიასაშუალებებს პარტიის პრესსამსახურმა დაუგზავნა.

"ჩვენ გვინდოდა სულ მცირე 100 ათასი ადამიანი ყოფილიყო და მოლოდინს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ. რომელიც ღონისძიებაზე იყო მოსული. ამით გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას, მის დასავლურ კურსს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და ამის კიდევ ერთხელ დაფიქსირება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი", — პრესსამსახურის ინფორმაციით ეს კომენტარი კობახიძემ იმედს მისცა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე რეგიონებიდან ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებზე, სკოლის მასწავლებლებზე, დირექტორებსა და აქტივისტებზე ამბობს, რომ "საზოგადოებამ იხილა ისიც, თუ რამდენი ადამიანი დგას ქართული ოცნების უკან".

კობახიძემ ამ შემთხვევაშიც ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ:

"გახსოვთ, რომ იყო სპეკულაციები, თითქოს ხალხი ითხოვდა რაღაცას, ხალხი აპროტესტებდა, ამაზე საუბრობდა ხშირად ოპოზიცია, მათ მაქსიმუმ რაც მოახერხეს ეს იყო დახლოებით 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება გარკვეულ აქციებზე და ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ხალხის სახელით".

მისი თქმით, "ხალხი სად დგას" ეს არჩევნებით გასაზომი საკითხია, თუმცა ეს "დადასტურდა დღევანდელი ღონისძიებით":

"ხალხი დგას ქართული ოცნების უკან, ეს დადასტურდა წინა არჩევნებით და ამის დასტური იქნება 2020 წლის არჩევნები".

დღეს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებული აქცია გაიმართა. როგორც პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ დააანონსა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. პარტიის ახალგაზრდული ფრთისგან დაანონსებული შეკრებები დროში დაემთხვა სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზებისა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ აქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვების შემდეგ დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება შეკრების მიზეზად არა კონტრაქციას, არამედ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი როლის აღნიშვნა იყო, დიპლომატიური კორპუსი საზეიმო ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. აქციის მონაწილეთა იძულებით ჩამოყვანაზე კი საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა.