ქართული ოცნების ზეიმის დასრულებიდან რამდენიმე წუთში TV პირველის გადამღებ ჯგუფს, ოპერატორ ბექა მარშანიშვილსა და ჟურნალისტ სალომე თითმერიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის ფრაგმენტის ამსახველი ვიდეომასალა On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა.

სალომე თითმერია On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კაცი, რომელიც მათ მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა, სხვა მოქალაქეების მიმართ მათმა დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.

"მისთვის კითხვა არ დამისვამს, ქალებს ველაპარაკებოდი და სახეზე რაღაც აიფარეს. ეს კაცი ჩემ უკან მოდიოდა და მითხრა, როცა არ უნდა რატო უღებ... მერე გინება დაგვიწყო, თქვენი ნაციონალი დედაო", — ამბობს თითმერია.

მისი თქმით, ამ მოქალაქემ TV პირველის ოპერატორს წელში დაარტყა. ოპერატორს დაზიანება აღენიშნება წარბთანაც.

ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ზეიმი დღეს, 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე გამართა. აქციისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოიყვანეს და გადაიკეტა 20-ზე მეტი ქუჩა.