ქართული ოცნების ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი განმარტავს, რომ აქციაზე მოქალაქეთა იძულებით მიყვანა დანაშაულია. ასე უპასხუა მან TV პირველის ეთერში დასმულ კითხვას, რომელიც მათ პარტიულ ღონისძიებაზე მოქალაქეთა იძულებით მიყვანას შეეხებოდა.

"ჩემ გარშემო ასობით ადამიანია შეკრებილი და ვერავის ვერ ვხედავ ძალით ჩამოყვანილს. თუ რაიმე ინფორმაცია აქვს უნდა მოგვაწოდოს, ეგ დარღვევაა და დანაშაული", — ამბობს ვოლსკი.

თუმცა მან არ გამორიცხა, რომ პარტიულ ღონისძიებაზე მისმა თანაგუნდელებმა "ბინძური მეთოდების გამოყენებით", იძულებით ვინმე მიიყვანეს.

"ყველამ ვინც ვინმეს ძალა დაატანა არამარტო ჩამოსვლაზე, არამედ ნებისმიერ პოზიციაზე, ეს არ არის ის ადამიანი, ვინც ჩვენს გუნდში უნდა იყოს", — თქვა ვოლსკიმ.

სახალხო დამცველის განცხადებით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ფაქტი კონფიდენციალობის დაცვის პირობით რეგიონებში მოქალაქეებმა დაადასტურეს.