აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ნათია ზოიძე მოქმედი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს. ზოიძეს სამართლებრივად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმარება.

ნათია ზოიძე მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

"ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. გიორგი კოხრეიძის განცხადებით მას აქვს ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერები, რომელსაც გაასაჯაროებს თუ მისი პირობები არ იქნება მიღებული. ამასთან, ტელევიზიის დირექტორი მის მოადგილეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს", — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიაში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

წინა დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და ამჟამადაც დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტატმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ.