თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრს, ირაკლი ზარქუას მიაჩნია, რომ მის თანაგუნდელ ერეკლე კუხიანიძეს, რომელმაც ოსეთში დატყვევებულ ექიმის ოჯახს აგინა, ბოდიში მოსახდელი არ აქვს. მისივე თქმით, "ბოდიში უნდა მოიხადოს სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ჩვენ ამ რეჟიმში ჩაგვავგდო".

ზარქუა, ასევე, შეეცადა, რომ ერეკლე კუხიანიძის განცხადება "ემოციური ნიადაგით" აეხსნა.

"მე ვისურვებდი, რომ ყველამ გარკვეული ემოციები უკან დავიტოვოთ და ესა თუ ის განცხადება პრაგმატულად გავაკეთოთ", — განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.