რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სახალხო დამცველ განცახდებები "არ ჯდება ომბუდსმენისა და ზოგად ადამიანურ ეთიკაში". ასე პასუხობს ის ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე ხალხი იძულებით ჩამოჰყავს.

"თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 000 ადამიანი, ან არ ვიცი რამდენი იქნება, შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს და შეუძლებელია, რომ არსებობდეს", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სახალხო დამცველის განცხადებით, 14 დეკემბერს ქართული ოცნების ორგანიზებულ აქციაზე ა(ა)იპ-ებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ზეწოლითა და იძულებით ჩაყავთ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ფაქტი კონფიდენციალობის დაცვის პირობით რეგიონებში მოქალაქეებმა დაადასტურეს.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია კონფედენციალურად მიაწოდეს, არ შეუძლიათ პროკიურატურისთვის მიმართვა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ქართული ოცნება დღეს აქციას მართავს, რომელზეც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდა იზეიმონ. ამ ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ევროპელი დიპლომატები და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რაც შეეხება თავმდჯომარეობას, ეს ტიტული საქართველოს რეგლამენტის მიხედვით და ანბანის შესაბამისად ერგო.