დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, დაანახონ რომ ისინი მარტო არ არიან. ისინი ეხმიანებიან შაბათს, 14 დეკემბერს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ საზეიმო ღონისძეიბასაც და აცხადებენ, რომ ზეიმის დრო არ არის.

"მინდა მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე, ის, რომ ანბანის მიხედვით გავხვდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორიო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა".

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა პარტიის მხარდაჭერით შაბათს აქციას მართავს, რომელზეც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდა იზეიმონ. ამ ღონისძიებაზე არ არიან მიწვეული ევროპელი დიპლომატები და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან. რაც შეეხება თავმდჯომარეობას, ეს ტიტული საქართველოს რეგლამენტის მიხედვით და ანბანის შესაბამისად ერგო.

გაფრინდაშვილის ოჯახი და მეგობრები კვირას, 15 დეკემბერს, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და საოკუპაციო ხაზთან მიდიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გაფრინდაშვილის ცოლმა მოუწოდა ყველას, რომ შეუერთნენ და დაანახონ ძალა საოკუპაციო რეჟიმს, რომ არ არიან მარტო.

"აგერ ჩვენ, ოჯახი არა ვართ მარტო. დაგვანახეთ ეს ჩვენ, ჩვენო ხელისუფლებავ და საერთაშორისო საზოგადოებავ".

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ცხინვალის რეგიონში დღეს გაიმართა პატიმრობაში დატოვეს. გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილი ჰქონდა.