საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. ამის შესახებ განცხადებას ის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

"მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება!" — წერს სალომე ზურაბიშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი ცხინვალის რეგიონში დღეს გაიმართა პატიმრობაში დატოვეს. გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.