როდესაც Apple-მა ახალი Mac Pro წარადგინა, კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ მომხმარებლებს კომპიუტერის ბორბლებიანი ვერსიის შეძენაც შეეძლებოდათ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებლი მათთვისაა, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კომპიუტერის გადაადგილება ხშირად უწევს. თავდაპირველად ეფლმა არ დააზუსტა, რა ეღირებოდა ბორბლები, თუმცა ის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ Mac Pro-ს ფასი $5 999-დან დაიწყებოდა.

ეფლის ახალი კომპიუტერის შეკვეთა ახლა უკვე ყველას შეუძლია და, როგორც ირკვევა, თუ გსურთ, რომ კომპიუტერის გაგორება შეგეძლოთ, ამისთვის დამატებით $400-ის (ოთხასი დოლარის) გადახდა მოგიწევთ.

აქვე შეგახსენებთ ფასებსაც. ყველაზე მძლავრი კონფიგურაციის მქონე Mac Pro $54 599 ღირს. თუ ამის შემდეგ ფული არ დაგენანებათ, შეგიძლიათ ეფლის $4 999-იანი Pro Display XDR ეკრანიც დაამატოთ, თუმცა ალბათ სჯობს არა ჩვეულებრივი, არამედ "ნანო სტრუქტურიანი მინის მქონე" (რაც, ჩვეულებრივ ენაზე, არაპრიალა ზედაპირს ნიშნავს) მონიტორი შეიძინოთ, რისთვისაც $4 999-ზე სულ რაღაც $999-ს დამატება მოგიწევთ. ალბათ სადგამიც (რომლის გარეშეც მონიტორს ვერ დადგამთ) დაგჭირდებათ, რაც დამატებით $999 ღირს.

ეს ყველაფერი ჯამში $61 596-ია.

უცნობია, რატომ ღირს ეფლის ბორბალი $100. შესაძლოა, თითოეული მათგანი ინჟინერიის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. თუმცა, Apple-ს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.