ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ არ გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დახურულ სასამართლო სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, ვაჟა გაფრინდაშვილი ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.

გაფრიდნაშვილის შვილის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო, რის მიზეზადაც ის დაასახელეს, რომ ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. საზღვარს არ აღიარებს.

საოკუპაციო ძალებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ავადმყოფი ქალის დასახმარებლად გადავიდა, რომელიც თბილისში სამკურნალოდ ვერ ჩამოდიოდა. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, თუმცა თბილისში ვერ გადაიყვანეს, რადგან საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებას ადასტურებენ.