ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართული ოცნება თავისი ახალი ინიციატივით "გვტროლავს". მისივე თქმით, მმართველი პარტიის ინიციატივა მხოლოდ ოცნებაა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მათ საკმარისი ხმები არ აქვთ.

"ჩვენ გვაკვირვებენ კვლავ ეს სიმაღლეები მოდელირებული პოლიტიკური ცხოვრების. მოდელირებული ამბოხი ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, ახლა მოდელირებული წინადადება მივიღეთ. ისევ ვიმეორებ, ეს ხალხი მგონი თავის თავთან საბავშვო ბაღში ერთობა. ამცდარია ხალხნო თქვენი მატარებელი და თქვენში მოძებნილი კონსენსუსი არაფერს ნიშნავს", — ამბობს უგულავა.

იმისთვის, რომ 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდეს, ქართული ოცნება კონსტიტუციაში ცვლილებებზე ფიქრობს. ამის შესახებ ქართული ოცნების ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ 13 დეკემბრის ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძე ამბობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით შესაძლებელი გახდება ჩანაწერი გაჩნდეს, რომლის მიხედვითაც 2020-დან 2024 წლამდე ჩატარებული ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნებით არჩეული ხელისუფლება მხოლოდ 2024 წლამდე შეძლებს მუშაობს.

"თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით", — თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამით მოიხსნება 2024 წლამდე, სანამ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა, არასტაბილურობის განცდა.

"ჩვენ, უმრავლესობის დიდი ნაწილი, მათი სხვა არგუმენტებისგან განსხვავებით, საბოლოოდ დავეთანხმეთ მაჟორიტარ დეპუტატებს რისკის ამ ნაწილში მხოლოდ და შევთანხმდით, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატივასთან დაკავშირებით, ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით", — განმარტა მდინარაძემ.