იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და იურისტმა კახა წიქარიშვილმა, უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს წარწერით — "კლანს ხალხისაგან".

ანა დოლიძის განცხადებით, კლანმა ხელში ჩაიგდო სასამართლო ხელისუფლება, რითაც მართლმსაჯულების იმედი გარდაიცვალა. როგორც ის ამბობს, მისთვის ეს აქცია არის სიმბოლური პროტესტი, 12 დეკემბერს, პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე, სადაც 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაამტკიცეს.

12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ

12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.