თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასათვის პასპორტის ჩამორთმევა "ალბათ, საჭირო" იყო.

კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკური დევნა, კალაძე პასუხობს:

"არანაირი პოლიტიკური დევნა არ არის... საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული, რომელზეც მოუწევთ პასუხი", — განაცხადა კალაძემ.

ევროპული საქართველოს წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ორი უცნობი პირი თავს დაესხა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის გამო გიგი უგულავას ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულად ცნო.

თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას პასპორტის საგამოძიებო უწყებებისთვის ჩაბარება დაევალა. უგულავას, ასევე, 2 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა.