ქართული ოცნების დეპუტატი, კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რეკომენდაციებით იხელმძღვანელა და უზენაესის მოსამართლეობის რვა კანდიდატს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, მან სპეციალისტების, თანაგუნდელებისა და ოპოზიციის აზრი გაითვალისწინა.

"ექიმი ვარ, ამ საკითხში არ ვარ ექსპერტი და ვერ ვერკვევი, როგორც ჩემი კოლეგები ისე როგორ ჩემი კოლეგები, მე აბსოლუტურად ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვე ეს რეკომენდაცია, მერე გავფილტრე ეს რეკომენდაციები და ასეთი მეთოდით გამოვარჩიე ეს ადამიანები, თუ გვარები გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ", — განაცხადა ოქრიაშვილმა.

ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს 19 კანდიდატიდან 14 უვადო მოსამართლეებად აირჩია. მათ შორის არის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. სასამართლო კლანის წევრად განიხილება.

ამავე თემაზე:

განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ

დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.