12 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში უკრაინის ომის გმირის, ამინა ოკუევასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა Amina:Life გაიხსნა.

''ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიდი, ემოციური და მრავალმხრივ სიმბოლური ფოტოგამოფენა Amina:Life გავხსენით. გამოფენა მიეძღვნა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის განმათავისუფლებელი ომის გმირის, ამინა ოკუევას ხსოვნას. ამინა ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა მოკლეს. ეს უმშვენიერესი და უშიშარი ქალი, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებას შესწირა, უნდა იქცეს დიდ მაგალითად და შეხსენებად ჩვენი ქვეყნებისთვის, რომლებიც ერთ დიდ პრობლემას ებრძვიან. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ფოტოხელოვანი, გამოფენის ავტორი ალექსანდრა ლისეცკაია, ამინას თანამებრძოლი სერგეი შაპოვალი და ამინას დედა, ირინა კამინსკაია, შთამბეჭდავი ადამიანი, რომელთან დამეგობრებაც ამ დღეებში მოვასწარი და სამომავლოდაც დიდი გეგმები გვაქვს'' - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

''ფოტოგამოფენა, რომელიც მანამდე უკრაინის პარლამენტსა და პოლონეთის სეიმის შენობაში გაიმართა, ამჟამად საქართველოში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოვფინეთ. დახმარებისთვის მადლობას ვუხდი უკრაინის საელჩოს საქართველოში და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს. ჩემი შვილი ბავშვობიდან მებრძოლი ბუნების იყო და მთელი ცხოვრება თავისუფლებისთვის იბრძოდა. როგორც კი უკრაინაში ჯერ მაიდნის მოვლენები და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ომი დაიწყო, ის ჩაერთო ამ პროცესებში, რადგან ფიქრობდა, რომ ოკუპანტებს ის თავის სათქმელს ასე ეტყოდა. საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავთ და ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ამ მტრის წინააღმდეგ მებრძოლი გმირები'' - განაცხადა ამინა ოკუევას დედამ, ირინა კამინსკაიამ.

გამოფენა 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.