ევროპული საქართველოს წევრი ლელა ქებურია არ პასუხობს კითხვას, დაასხა თუ არა სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მისი თქმით, ის არაა ვალდებული ამ კითხვას უპასუხოს.

"ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული დაამტკიცოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრები, სადაც მე გადავადგილდები. არცერთხელ არ მიუარყვია, რომ მე პარლამენტში ვიყავი. დეპუტატების პარლამენტში გადაადგილება ჯერჯერობით დასჯადი არ არის", — განაცხადა ქებურიამ TV პირველის ეთერში.

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომა სპეციფიური სუნის გავრცელების გამო შეწყდა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერება ევროპული საქართველოს დეპუტატებმა: ირმა ნადირაშილმა და ლელა ქებურიამ შეიტანეს.