ძველი გუნდის წასვლიდან 5 თვეში ლიბერალმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლიბერალის ვებგვერდზე განთავსდა. გამოცემის ვებგვერდზე ინფორმაცია 29 ნოემბრის შემდეგ არ განახლებულა.

ახალი რედაქცია აცხადებს, რომ მფლობელთან ვერ შეთანხმდნენ და აღნიშნავენ, რომ ძველი რედაქციის წასვლით ლიბერალმა რეპუტაციული ზიანი მიიღო:

"წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ ლიბერალის პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინც ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და ლიბერალის მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა".

ლიბერალის სამმა რედაქტორმა და ყველა ჟურნალისტმა გამოცემის დატოვების შესახებ განცხადება 23 ივნისს გაავრცელეს. მათივე თქმით, წამოსვლის მიზეზი დამფუძნებელთან უთანხმოება და ხედვებს შორის განსხვავება გახდა.

ლიბერალის ძველმა გუნდმა ახალი პლატფორმა Publika.ge შექმნა.