ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი (დაჩი) ბერაია აცხადებს, რომ მასსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ, რომან გოცირიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ხელით ვერ მივწვდი, წიხლი დავარტყი", — აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.

როგორც ის ამტკიცებს, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

"მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია, რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ მე მივიღე შეურაცხყოფა. მივუთითე მას მისი ასაკის შესახებ და ვუთხარი, რომ მამაჩემის და ბაბუაჩემის ტოლა კაცი ხარ და წესიერად მოიქეცი-თქო. მან არ გაიგონა ეს ნათქვამი, ისევ მომაყენა შეურაცხყოფა, რის შემდგომ ჩემი რეაქცია იყო, ჩემი აზრით ბუნებრივი, თუმცა ისევ ბოდიშს ვიხდი".

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზში სპეციფიური სუნის გამო შესვენება გამოცხადდა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობდნენ, რომ ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა უცნობი ნივთიერება დაასხა. სუნის გამო ცუდად გახდა დეპუტატები ენძელა მაჭავარიანი, სვეტლანა კუდბა და პარლამენტის კიდევ ორი თანამშრომელი. პარლამენტში გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით, სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიამ სხდომათა დარბაზში დაყენებული სუნის გამო პასუხისმგებლობა აიღო.

პარლამენტს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიისთვის კენჭი უნდა ეყარა.