ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, შესაძლოა პარლამენტში სპეციფიური სუნის ნივთიერება "მეამბოხე" დეპუტატებმა დაასხეს. ასე გამოეხმაურა ის უმრავლესობის დეპუტატების ბრალდებებს, რომ პარლამენტში სპეციფიური სუნის ნივთიერება ევროპული საქართველოს დეპუტატებმა შეიტანეს.

"ასეთი ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში, ასეთი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს, რაც ხდება, იქნებოდა ანეგდოტი. ესენი პირდაპირ ხელს ადებენ ოპონენტებს, როგორც სჩვევიათ. მე არანაირი ვერსია არ მაქვს. იქნებ ბიძინას რეჟიმის აჯანყებულმა მეამბოხე დეპუტატებმა ქნეს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ მთავარის ეთერში.

პარლამენტში გაურკვეველი სუნის ნივთიერების დასხმის გამო პლენარული სხდომა შეწყდა. ადგილზე გამოიძახებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა #სირცხვილიამ აიღო.

განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ

დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.