საავტორო უფლებათა ასოციაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოამბის ეთერში კლუბების ლიცენზირების საკითხის შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და ტელევიზიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ სიუჟეტი თავისი შინაარსით არღვევს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ა ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა და ნებისმიერი, მათ შორის კომერციული გავლენისაგან თავისუფლება.

ასოციაცია თავისივე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მაუწყებელი არღვევს 54-ე მუხლის დებულებებს, სადაც კანონი მოითხოვს, რომ მაუწყებელმა უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება"

"სიუჟეტი არღვევს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული ქცევის კოდექსის მე-12 და მე-14 მუხლებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, მიწოდებული მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მიუკერძოებლობის პრინციპის განუხრელი დაცვა".

ასოციაცია აცხადებს, რომ სიუჟეტიდან იკვეთება მაუწყებლის მიკერძოება და ფაქტების დაუზუსტებლად გადმოცემა:

"სიუჟეტის ბოლოს მაუწყებელი აცხადებს, რომ 2016 წელს სასამართლო წარმოებაში შევიდა 157 საქმე და ასოციაციის სასარგებლოდ მხოლოდ 25 დასრულდა. მხოლოდ ეს განცხადება წარმოადგენს ყველა ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევის მკაფიო მაგალითს.

ინფორმაციისთვის, რომელიც ისედაც საჯაროა, გვინდა განვაცხადოთ, რომ 2016 წელს სასამართლოში შესული 157 საქმიდან გარდა 25 ასოციაციის სასარგებლოდ დასრულებული საქმისა, 102 საქმე დასრულდა მორიგებით, ხოლო, დანარჩენი 30 საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ასოციაციას არ წაუგია არც ერთი საქმე სასამართლოში და პირიქით, მორიგებით დამთავრებული საქმეების დიდი რიცხვიც იმას ცხადყოფს, რომ ასოციაციას აქვს საკმაოდ ლიბერალური პოზიცია მოსარგებლეების მიმართ და შეძლებისდაგვარად ასოციაცია ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას მოსარგებლესთან საქმე დაამთავროს მორიგებით ყოველგვარი სანქციების გარეშე".

ასოციაცია განცხადებით მიმართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოითხოვს მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად 10 დღის ვადაში მაუწყებელმა მოახდინოს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებით და ფორმით შესწორება საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს ხელმძღვანელმა On.ge-ს განუცახადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.