პარლამენტში მძაფრი სუნის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, ამ ეტაპზე ევაკუაცია არ იგეგმება.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს გამოძახებულია თუ არა ადგილზე საგამოძიებო სამსახური.

უმრავლესობის წევრი, გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ, მისი ვარაუდით, პარლამენტში შესვენება ტერორისტული აქტის გამო გამოცხადდა. როგორც უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, სუნის გამო, რომელიც გაურკვეველი სითხის დასხმით სხდომათა დარბაზში დადგა, შეუძლოდ გახდა.

დღეს, 12 დეკემბერს პარლამენტში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეებისთვის უნდა ეყარათ კენჭი.

განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ

დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.