რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ლანა ვაჩოვსკი ფილმების საკულტო ტრილოგიის, მატრიცის გაგრძელებას გადაიღებდა.

რაც მთავარია, ახალ ნაწილში კვლავ ვიხილავთ ამ სამყაროს გამორჩეულ გმირებს, ტრინიტისა და ნეოს, რომელთა როლებსაც კვლავ პირვანდელი მსახიობები შეასრულებენ — კერი ენ მოსი და კიანუ რივზი.

რადგანაც ფილმის გადაღებები 2020 წელს იწყება, ვარაუდობდნენ, რომ მის დიდ ეკრანებზე ხილვას 2022 წლამდე ვერ შევძლებდით, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ფილმის მწარმოებელმა კომპანიამ, Warner Bros.-მა სასიამოვნო სიახლე გვაუწყა: მატრიცას მეოთხე ნაწილის პრემიერა 2021 წლის 21 მაისს შედგება.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის: ჯონ უიკის სახელით ცნობილი ტრილოგიის მეოთხე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლს მატრიცის მსგავსად მსახიობი კიანუ რივზი ასრულებს, ასევე 2021 წლის 21 მაისს გამოვა დიდ ეკრანებზე.

როგორც ჩანს, 2021 ნამდვილად კიანუ რივზის წელი იქნება და ჩვენ სულაც არ ვართ ამის წინააღმდეგი.