პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, რაც იურიდიულ კომიტეტზე ხდება საშინელებაა. მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატს მიმართა, რომ უარი თქვან ამ ფონზე პარლამენტმა კენჭი უყარონ.

"ახლა, რაც ხდება იურიდიულ კომიტეტში ეს არის საშინელება, აი ამ ფონზე ჟურნალისტებს რომ ესე მოექცევი, რომ გადაუვლი ზემოდან, ფიზიკურად რომ იძალადებ, აი ამ ძალადობით თუ უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის კენჭისყრა და სხდომის ესე ჩატარება, ვის რათ უნდა ესეთი სამართალი?! ვის რათ უნდა ესეთი ნდობის მანდატი?! მე მივმართავ იმ ცხრამეტივე კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ აღარ გინდათ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას ამ მძიმე არჩევანის, მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე", — თქვა ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ მოსამართლეების კანდიდატებს პარლამენტის ის ნაწილი არ ენდობა, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა. ეკა ბესელიამ რიტორიკული კითხვით მიმართა ქართული ოცნების წევრებს, უღირთ თუ არა "საკუთარი თბილი ადგილები ამად".

ეკა ბესელიამ მანამდე ანრი ოხანაშვილს უზენაესის მოსამართლეების საკითხის განხილვის უფლებას არ აძლევდა. ბესელია ამბობს, რომ არასასესიო კვირაში მოსამართლეთა კანდიდატების საკითხის განხილვა, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა კომიტეტის დარბაზიდან ჟურნალისტების ძალით გამოყენებით გაძევება დაიწყეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭს უყრიან. კანდიდატებს დეპუტატები ხმას ღია კენჭისყრაზე მისცემენ. ამის შემდეგ კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უმრავლესობას მიმართავს, რათა მოსამართლეების კანდიდატურების შესათანხმებლად ოპოზიციასთან მოლაპარაკებები აწარმოოს და კანდიდატები დამოუკიდებლად საკასაციო სასამართლოში არ განამწესოს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანდიდატთა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი ვერ პასუხობდა.

კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან დილიდან იმართება აქციაც. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უმრავლესობას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა სიას.