პარლამენტში უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ქართული ოცნების აქციაზე ამბობს, რომ ძალის დემონსტრირება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც პოლიტიკური პროცესი არასწორად მიგყავს. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.

"ამწვავებ სიტუაციას მაქსიმალურად, მერე სხვა გზა გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გააკავო ვიღაცები, არ რჩება. ჩემთვის ეს არის სახიფათო, საშიში პროცესი, ძალიან არ მინდა, ამას ვუყურებდი. მინდა გაიაზროს, პირველ რიგში უმრავლესობამ, თუმცა ოპოზიციის მხრიდანაც არ მომწონს ეს რადიკალური ნაბიჯები, არ შეიძლება ასე. ასე ქვეყანა ვერ იმართება. არ შეიძლება, ადგე ადამიანები ერთმანეთს შეაჯახო", — აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ძალის დემონსტრირება შეცდომაა და ნაციონალურ მოძრაობასთან "ცუდი პარალელები" ახსენდება:

"მახსენდება სტადიონზე ნაციონალური მოძრაობის შეკრება. სტადიონზე ძალით ჩამოყვანილი ხალხი იმისთვის, რომ დემონსტრირება მომხდარიყო იმის, რომ მათ მხარდამჭერები ჰყავდათ".

ქართული ოცნება 14 დეკემბერს დიდ შეკრებას გამართავს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, შეკრება პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით ტარდება და ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება. აღნიშნული ღონისძიება მმართველი გუნდის წინააღმდეგ გამართულ აქციებს დროში ემთხვევა.