რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბრისას, აცხადებს, რომ ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შეხვდეს. მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების დროს გაფრინდაშვილის საკითხი ერთ-ერთი მთავარი იყო.

"მოვისმინეთ ორივე მხარის შეხედულებები. გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში ბატონი გაფრინდაშვილი თავის ახლობლებს დაუბრუნდება. ყველას ინტერესშია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას. როგორ გათავისუფლდება, ამას მე ნუ მკითხავთ. ის, როგორც იცით, კრემლში არ იმყოფება და არის სხვაგან", — აღნიშნა რუდენკომ ჟურნალისტებს, რომლის განცხადების თარგმანსაც პირველი არხი ავრცელებს.

მისივე თქმით, ოკუპაციის თემაზე დისკუსიას არ აპირებს, რადგან "სამხრეთ ოსეთი 2008 წელს შედგა".

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან.

საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა ბოლო დროს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკიდურესად გართულებული ვითარება. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებს, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს — მავთულხლართების აღმართვას, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვას და გატაცებების გახშირებულ შემთხვევებს, რის კულმინაციასაც წარმოადგენდა ექიმი გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს.

ერთ თვეზე მეტია, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღიარა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: