საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჯარზე მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მრიდან გამოხატული შურისძიებაა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. სააკაშვილმა ზურაბიშვილი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია.

"ტყუილად ნუ ამართლებთ ჯერ კიდევ დარჩენილი მისი მხარდამჭერები, რომ ამ ქალმა ენა არ იცის, ან გიჟად არის და სხვა არაფერ შუაშია პოლიტიკა. ეს არის პირდაპირი და აბსოლუტურად ღია გამოხატულება, რასაც ფიქრობს, და რაც უნდა ივანიშვილს და რაც უნდა რუსეთს. ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული სამხედრო ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც ჩამოაგდეს უამრავი, 13 თუ 14 საფრენი აპარატი რუსეთის შეიარაღებული ძალების, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია", — ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს იარაღი და მას მისი წარმოებაც შეუძლია. გარდა ამისა, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰააგაში ქართველი სამხედროების გასამართლებას აჩქარებენ.

"ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ვარაუდობენ, რომ ეს არის ერთადერთი, რაც მათ გადაარჩენს მომავალი წლის არჩევნებზე. თუ ქართველი ოფიცრები დაპატიმბრდებიან და დადანაშაულდებიან ომის დაწყებასა და არასწორად წარმართვაში. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე და ეს ხალხი არის საქართველოს შეგნებული მტერი, ყოველი დღე მათი ხელისუფლებაში ყოფნა არის ძალიან დამაზიანებელი".

10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი". აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წევრები.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარსარდლისაგან მსგავსი განცხადება მიუღებელია. პარლამენტარმა სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა, თუმცა "პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის თქმითვე, ადამიანს შეიძლება სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ მსგავს განცხადებებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილის ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

""პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას", — აცხადებენ ადმინისტრაციაში.