სულ ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა თავის პლატფორმაზე ნახვების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი, ირლანდიელი ერთ კვირაში უკვე 26.4-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სკორსეზეს ახალ მაფიოზურ საგას ერთ თვეში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ნახავდა და ერთ კვირაში ამ შედეგის თითქმის 70% უკვე შესრულებულია.

ნეტფლიქსის წარმომადგენელის, ტედ სარანდოსის განცხადებით, თავად რეჟისორი ძალიან გახარებულია, რომ მისი თითქმის ოთხსაათიან ფილმს ამდენმა ადამიანმა უყურა.

მართალია, სკორსეზეს ახალმა ფილმმა გასაოცარი შედეგი აჩვენა, თუმცა მან მაინც ვერ აჯობა წინა რეკორდს: სანდრა ბულოკის მონაწილეობით გამოსული ფილმი Bird Box ერთ კვირაში ორმოცდახუთმა, ოთხ კვირაში კი ოთხმოცმა მილიონმა ადამიანმა ნახა.

ნეტფლიქსის მომხმარებლების ფავორიტობასთან ერთად ირლანდიელი ოქროს გლობუსის ნომინაციების ერთ-ერთი ლიდერიც გახდა: სკორსეზეს ახალმა ფილმა კვენტინ ტარანტინოს Once Upon a Time… in Hollywood-თან ერთად ყველაზე მეტი, 5 ნომინაცია მიიღო.

როგორც ჩანს, საავტორო კინოს ლეგენდარული რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალ კინოსურათს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის.