თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქში თეთრი ფერის ზოგიერთი ტაქსი "რეკლამითაა შეფუთული", რაც მიუღებელია და დამტკიცებულ ვიზუალურ სტანდარტს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციამ ჯარიმები სწორად გამოწერა.

"როგორც ხდება ხოლმე, თავიდან არ სჯეროდათ, ზოგს არ მოსწონდა, და არ ჰქონდა სურვილი კონკრეტულ იმ ადგილებზე რეკლამა. დღეს რა მივიღეთ? ქალაქში მოძრაობს თეთრი ფერის ტაქსები, რომელზეც მთლიანად გადაკრულია რეკლამა", — განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, მან ვიცე-მერს დაავალა, რომ ტაქსების ვიზუალურ სტანდარტთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტოს.

პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ამასთანავე, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე გაწევა 200 ლარით ჯარიმდება. ხოლო თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.

მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაშიც მანქანა ფუჭდება.

ტაქსების რეფორმის გასაპროტესტებლად გირჩმა შმAXI შექმნა, რომელსაც საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.